რომანტიზმი და "ბედი ქართლისა"
რომანტიზმი მე-18 საუკუნეში ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, მე-19 საუკუნეში კი მთელ ევროპაში გავრცელდა. ამ მიმდინარეობამ მოიცვა ხელოვნების ყველა დარგი. რომანტიზმზე გავლენა იქონია არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიამ, რომლის თანახმადაც ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ უმაღლეს ადამიანში, გენიაში ხდება. ამ შემთხვევაში, ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაეხმაროს არის ხელოვნება.
რომანტიკული მსოფლაღქმის და მხატვრული მეთოდის საფუძველია ორი სამყაროს – რეალურისა და იდეალურის არსებობა. ამასთანავე, რომანტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ორ სამყაროს შორის უზარმაზარი უფსკრულია.
რომანტიკოსებისათვის სინამდვილე არამდგრადი, დენადი და წარმავალია, იდეალი კი განუსაზღვრელი, სრულყოფილი, მშვენიერი და იდუმალებით მოცულია, იდეალურ სამყაროში არის ის, რაც არ არის რეალობაში: მშვენიერება, ზნეობა, მარადიულობა. მათი აზრით, იდეალის სინამდვილეში გადმოტანა შეუძლებელია, რადგან იდეალი მხოლოდ ადამიანის სულიერ სფეროში, მის წარმოსახვაში არსებობს, მატერიაში ხორცშესხმისას კი ის აუცილებლად დამახინჯდება, ამიტომაც რომანტიკოსები ცდილობენ გაექცნენ სინამდვილეს და მიისწრაფვიან ოცნების სამყაროსკენ, სურთ შეერწყან იდუმალებით მოცულ უსაზღვროებას. ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაშიც, უსაზღვროებისკენ ლტოლვა ერთ-ერთი მთავარი მოტივია.
აღსანიშნავია ბუნების დანიშნულებაც რომანტიზმში. ბუნება საზოგადოებისგან გაქცეული თუ განდევნილი გმირის თავშესაფარია. ბუნებაში განმარტოება აძლევს რომანტიკოსს თვით ჩაღრმავებისა და ფილოსოფიური მედიტაციის საშუალებას. რომანტიკოსებისთვის, ბუნება დაკავშირებულია იდეალთან, თუმცა რადგან რომანტიკული იდეალი არსებითად მიუწვდომელია, რომანტიკოსი ვერც ბუნებაში პოულობს საბოლოო ნავსაყუდელს. სწორედ ბუნების საშუალებით ცდილობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი სამყაროს უნივერსალური კანონების წვდომას. რომანტიკული გმირი ვერც სიყვარულში პოულობს სიმშვიდეს, რადგანაც რომანტიკული სიყვარული ყოველთვის ტრაგიკულია.
საქართველოში რომანტიზმი მე-19 საუკუნეში ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაამკვიდრა. საქართველოში რომანტიზმმა ძირითადად პოეტების შემოქმედებაში იჩინა თავი. ქართველმა რომანტიკოსებმა დაიწყეს ქართული ლიტერატურის ევროპეიზაცია. რომანტიზმის განვითარების პირველ ეტაპზე ეროვნულმა პრობლემებმა უკან გადაწიეს პიროვნების პრობლემები. სწორედ ამ დროს შეიქმნა საქართველოს ტყვედპყრობილი სატრფოს ალეგორია. რომანტიზმის განვითარების მეორე ეტაპზე, კერძოდ, ბარათაშვილის შემოქმედებაში, ცენტრალურ ადგილს იკავებს პიროვნების პრობლემა, მისი განცდები და შინაგანი სამყარო.
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის განმსაზღვრელი მთავარი მოტივი, რასაკვირველია, სამშობლოს სიყვარულია. პატრიოტიზმია მისი შემოქმედების სათავეც და პიროვნული სევდის მთავარი მიზეზიც. ამდენად, პოემა ‘’ბედი ქართლისა’’ თავისებური გასაღებია ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ძიებათა რთული შინაარსის ამოსახსნელად. პოეტური ნიმუშის პათოსი, უპირველეს ყოვლისა, თავად პრობლემის ორიგინალურ დასმაში მდგომარეობს. კონკრეტული ისტორიული პრობლემა, რომელიც აქ არის წამოჭრილი, პოემის ეროვნულ საკითხს, ერთგვარად, ფილოსოფიური დილემის სახეს აძლევს. ნაწარმოები ტატომ 22 წლის ასაკში დაწერა. ცხადია, ჭაბუკი შემოქმედის სუბიექტური თანაგრძნობა იმ იდეალურ მამულიშვილთა მხარეზე იყო, რომელთაც მან ესოდენ აღფრთოვანებული სტრიქონები მიუძღვნა. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ქართველმა თავადაზნაურობამ რადიკალურად იცვალა პოლიტიკური ორიენტაცია და იმპერატორის ერთგულ სამსახურში დაინახა თავისი საზოგადოებრივი თუ კლასობრივი მოწოდების ასპარეზი, როდესაც სიტყვები: ‘’რის ქართველობა, რა ქართველობა! მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?“ სოციალური ყოფისა და მოქმედების თითქმის საყოველთაო დევიზად იქცა, ნიკოლოზ ბარათაშვილი წარსულიდან გვიხმობს და საოცარი პოეტური ნიჭით აღადგენს თავისუფლებისმოყვარე წინაპართა იდეალურ სახეებს. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ‘’ბედი ქართლისაში’’ განსაცვიფრებელია არა ეს ბუნებრივი ლტოლვა იდეალისკენ, არამედ ის ფილოსოფიური სიღრმე, აზრისა და განცდის ის უჩვეულო სიმწიფე, რომელსაც სრულიად ახალგაზრდა პოეტი იჩენს ეპოქის რთული მსოფლმხედველობრივი პრობლემების გადაჭრისას.
შემთხვევითი არ არის, რომ პოემა თავისი პოეტიკით დიალოგური ხასიათისაა. შინაგანი წინააღმდეგობა აქ იგრძნობა არა მხოლოდ მეფისა და მსაჯულის საუბარში, არამედ პოეტის მთელ კომპოზიციაშიც. ჭიდილის, წინააღმდეგობის შთაბეჭდილება ნაშრომში მიღწეულია ისეთი ინტონაციით, რომელიც თითქმის ეჭვმიუტანელს ხდის მის უპირატესობას. ასეთ ჟღერადობას იძენს თავისუფლების თემა სოლომონის მეუღლის, სოფიოს დიალოგში. აღსანიშნავია, რომ თავისუფლება ბარათაშვილის პოემაში ქალის ხმით მეტყველებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სათნო სოფიოს ხმა ავტორისთვის თვით ბუნების ხმაა - ადამიანის ჭეშმარიტი, თანდაყოლილი, დაუმახინჯებელი ბუნების წრფელი ღაღადისი.
ბედისწერის ულმობელი ხმა - ‘’მაგრამ ამაო იყო ყოველი’’ - თავისი მოულოდნელი, უეცარი შემოჭრით, მაშინ, როდესაც იმედის ნაპერწკალი თანდათან ღვივდება, დიდი ღრუბელივით ადგება პოემის ფინალს. მიუხედავად მოულოდნელობის მძაფრი ეფექტისა, უკანასკნელ ორ სტრიქონში წინასწარ გაცნობიერებული გარდაუვალობის იდეა იკვეთება:
‘’დიდი ხანია, რომ ბედი ქართლის
გარდაიწყვიტა გულმან ირაკლის.’’
ისტორიული ბედისწერის დიქტატი აუქმებს ყველა აღტყინებულ სწრაფვას, სამართლიანობის სასარგებლოდ მოტანილ ყველა მჭევრმეტყველ საბუთს, ყველა ოპტიმისტურ ილუზიას, რომლების პოემის დასასრულს, თითქოს მხოლოდ იმისთვის აღმოცენდნენ, რომ ერთი საბედისწერო დაკვრით გაცამტვერდნენ... საოცარია, როგორ მშვიდად უსწორებს თვალს ჭაბუკი პოეტი სინამდვილის ულმობელ განაჩენს, როგორი მშვიდი, უდრტვინველი, შეკავებული ტონალობით ასრულებს თავის პოემას. ის აქ თითქოს დაჟინებით აკვირდება გარდაუვალობის ამოქმედებულ კანონს, აუღელვებელი სიჯიუტით ცდილობს გაერკვეს, მხედველობის მაქსიმალური დაძაბვით განჭვრიტოს მისი არსი. ეროვნული საკითხი მოცემულ ნაწარმოებში გადაჭრილია უნივერსალურ პრობლემათა ჭრილში და სწორედ ამიტომ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს იძენს.
ბარათაშვილის პოემას ‘’ბედი ქართლისა’’ განუზომელი გავლენა ჰქონდა მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე. აღნიშნული ეპოქის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგია სწორედ აქ პოულობს დასაყრდენს და მიემართება ახალი იდეალებისკენ, რაც გამოწვეულია ამ ნაწარმოების დიდი იდეური მიზანდასახულობით.
სოლომონისა და მეფის დამაფიქრებელი გაბაასებიდანაც ჩანს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის წარმოუდგენელია ბედნიერება სამშობლოს გარეშე, რომ მისთვის მხოლოდ მშობლიურ პირობებში ყოფნაა ერთადერთი შესაძლებელი ფორმა ადამიანის თავისუფალი არსებობისა. წლების განმავლობაში, აგრესიული მეზობლების გარემოცვაში მყოფი პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მათ შორის ტატოსაც, მებრძოლი ბუნება ჩამოუყალიბდა. ქართველი ხალხი არასდროს უშინდებოდა მტერს, რომელიც მათი მამა-პაპის საფლავებზე ფეხის მოკიდებას ცდილობდა... დღესდღეობით მსოფლიოში მძვინვარებს ომი, ომი რომლის დროსაც ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს. თეთრი თეთრია და შავი შავი. სათვალეც კი არ ჭირდება კეთილის და ბოროტის გარჩევას. ჩვენ უნდა ავირჩიოთ რა გვინდა და სად გვინდა რომ ვიდგეთ მაშინ, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ გეოპოლიტიკური ლანდშაფტიც შეიცვლება. სწორედ ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი წარსული გამოცდილება და უკვდავი ნიკოლოზ ბარათაშვილი გვკარნახობენ.
ავტორები: ქეთევან ფალიანი, მარიამ ცერცვაძე
20.04.2023