Photo by Mark Shaw - © 2011 Mark Shaw - Image courtesy mptvimages.com
ჯეკი
აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი, ჟაკლინ (ჯეკი) ბუვიე კენედი ონასისი რჩება ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ფიგურად. დაიბადა 1929 წლის 28 ივლისს, ნიუ-იორკში. ჯეკი ყოველთვის წარმოადგენდა საკუთარ თავს, როგორც ღირსეულ, გაწონასწორებულ და ელეგანტურ ქალს. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მას ოჯახური დრამებით სავსე ცხოვრება ჰქონდა. როგორც ცნობილია, ჟაკლინის მშობლები ერთმანეთს დაქორწინებიდან მალევე დაშორდნენ, რადგან მამა აზარტული თამაშების მოყვარული, ალკოჰოლიკი და მექალთანე იყო. მშობლების განქორწინებამ ახალგაზრდა გოგონაზე დიდი გავლენა იქონია.
1947 წელს ჯეკი ჩაირიცხა ვასარის უნივერსიტეტში და სწავლობდა საზღვარგარეთ საფრანგეთში. მოგვიანებით გადავიდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1951 წელს და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფრანგულ ლიტერატურაში. პირველ ლედის ქორწინებამდე პერსპექტიული კარიერა ჰქონდა, როგორც რეპორტიორსა და ფოტოგრაფს. Vogue-ის თანახმად, ჯეკიმ გაიმარჯვა პუბლიკაციების Prix de Paris-ის ესეების კონკურსში და 1279 კანდიდატიდან აირჩიეს უმცროს რედაქტორად, როდესაც ის მხოლოდ 21 წლის იყო.
ახალგაზრდა ჯეკი ასევე მუშაობდა Washington Times-Herald -ის ინტერვიუერად/ფოტოგრაფად. მისი ერთ-ერთი სუბიექტი ჯონ ფ. კენედი გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში კონგრესმენი იყო. ისინი ერთსა და იმავე სოციალურ წრეს მიეკუთვნებოდნენ. ჟაკლინ ბუვიე და აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ 1952 წელს სადილზე, რომელსაც ჟურნალისტმა ჯეკის მეგობარმა ჩარლზ ბარტლეტმა უმასპინძლა.
წყვილი 1953 წლის 12 სექტემბერს დაქორწინდა. ცნობილია, რომ მათი ქორწინება მღელვარებით სავსე იყო, რასაც ჯონ კენედის სხვადასხვა ქალთან ურთიერთობას მიაწერენ. აღსანიშნავია, რომ ჯონ კენედის ჰქონდა უდიდესი პოლიტიკური ამბიციები, მას სურდა გამხდარიყო პრეზიდენტი და უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ჟაკლინისგან განსხვავებით. ასევე, პირველ ლედის, სამწუხაროდ, ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა. მან შეიტყო, რომ ბავშვის გაჩენა მისთვის ყოველთვის რთული იქნებოდა. ამგვარად, პირველი ორი ორსულობა ტრაგიკულად დამთავრდა. ამის შემდეგ წყვილს გოგონა, სახელად ქეროლაინი და ვაჟი, ჯონ ფ.კენედი უმცროსი შეეძინათ.
ჟაკლინ კენედის არ მოსწონდა ფაქტი, რომ შვილების აღზრდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში უწევდა. ჯონის სენატორობის დროს ჯეკი დისტანციურობით გამოირჩეოდა. თუმცა, როდესაც ჯონ კენედი პრეზიდენტად აირჩიეს, ჟაკლინი უფრო აქტიურად ჩაერთო ქმრის მხარდამჭერ კამპანიაში და როგორც პირველი ლედი, იგი ერთ-ერთ უდიდეს აქტივისტად იქცა.
ჯეკის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი აქტიური საქმიანობა თეთრ სახლს უკავშირდება. მისი ინიციატივით შენობას 1961 წელს მასიური რემონტი ჩაუტარდა. პირველი ლედის მთავარი მიზანი თეთრი სახლის ისტორიული მთლიანობის შენარჩუნება იყო. მან დაარსა სახვითი ხელოვნების კომიტეტი და თეთრი სახლის ისტორიული ასოციაცია - არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარებოდა შეძენა-შენარჩუნების მცდელობებს. შედეგად გაფართოვდა თეთრი სახლის კოლექცია, დეკორატიული ნივთებით თუ წარსული ადმინისტრაციების ისტორიულ ნამუშევრებით.
თეთრი სახლის რესტავრაციისა და განახლების შემდეგ, CBS News-მა სიახლის საზოგადოებისთვის გასაზიარებლად 1962 წელს სატელევიზიო ტური გააშუქა, რომელსაც ჟაკლინ კენედი გაუძღვა და ისაუბრა შენობის ყველა ცვლილებასა თუ საინტერესო ნივთის შესახებ. ქალბატონმა კენედიმ გადაცემისთვის სპეციალური ემის ჯილდო დაიმსახურა.
ჯეკი კენედის ხშირად აქებდნენ მისი ელეგანტური და ევროპული სტილის გამო, რაზეც დიდი გავლენა საფრანგეთში ცხოვრებამ მოახდინა. პირველმა ლედიმ არაერთ მოდურ ტენდენციას დაუდო სათავე; ხელი შეუწყო: ქუდების, იდაყვის სიგრძის ხელთათმანების, თავსაბურების პოპულარიზაციას. თუკი ტანსაცმელზე არსებული დანახარჯებით ვიმსჯელებთ, ჟაკლინს შოპინგი ძალიან უყვარდა. ცნობილია, რომ მან თანამდებობის პირველ წელს გარდერობში $45,446 მეტი დახარჯა.
ჯონ კენედის მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ, 1968 წლის ოქტომბერში, ჟაკლინი მეორედ დაქორწინდა ცნობილ ბერძენ ბიზნესმენ არისტოტელე ონასისზე. ეს ქორწინება შოკი იყო ამერიკული საზოგადოებისთვის, რადგან აშშ-ს პრეზიდენტის მკვლელობიდან არც თუ ისე დიდი დრო იყო გასული. ამასთანავე, წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელი იყო და ხალხის აზრით მათ არაფერი ჰქონდათ საერთო. გაჩნდა მოსაზრება, რომ ჯეკ კენედის სტაბილურობა და მდიდრული ცხოვრება სურდა, თუმცა იგი აცხადებდა, რომ ჯონის მკვლელობა ნიშნავდა კენედის ოჯახზე მუქარას, რის გამოც მისი შვილები უსაფრთხოდ არ იყვნენ და უნდოდა ძველი კავშირებისგან სრულიად გაცლა.
არისტოტელე ონასისი ქორწინებიდან მალევე, 1975 წლის მარტში გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჟაკლინი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა და მუშაობა რედაქტორად განაგრძო. გამოსცა არაერთი წიგნი თუ თარგმანი. მიუხედავად იმისა, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ თეთრი სახლი დატოვა, ჟაკლინ კენედი ონასისმა მთელი ცხოვრება შეინარჩუნა ინტერესი პოლიტიკისადმი.
1993 წელს ჯეკის დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი. იგი გარდაიცვალა 64 წლის ასაკში 1994 წელს, მანჰეტენში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში. არსებული ქონება მემკვიდრეობით ჟაკლინის 2 შვილს გადაეცა.
ავტორი: მარიამ ხინიკაძე
რედაქტორი: დავით მაჭავარიანი
31.03.2023
სტატიაში გამოყენებული წყაროები:
Jacqueline (Kennedy Onassis) Bouvier Vogue Magazine Prix de Paris Papers | JFK Library. (n.d.). Www.jfklibrary.org; JOHN F.KENNEDY Presidential Library and Museum. Retrieved October 29, 2022, from https://www.jfklibrary.org/asset-viewer/archives/JBKOVOGUE
Leach, M. (2020). Love Stories: Why John F. Kennedy always “came back” to Jackie. Honey.nine.com.au; HONEY | LATEST. https://honey.nine.com.au/latest/john-f-kennedy-jfk-jackie-love-story/eadaefea-99dd-4e29-9237-10554968b050
Grunge. (2021). Jackie Kennedy’s Tragic Real-Life Story [Video]. In YouTube. https://www.youtube.com/watch?v=cqxBP66_DT4
Jacqueline Kennedy. (n.d.). WHHA (En-US); The White House Historical Association. Retrieved October 29, 2022, from https://www.whitehousehistory.org/bios/jacqueline-kennedy#footnote-4
Buxton, R. (2022, February 14). What Jackie Kennedy’s Fascinating White House Tour Tells Us 60 Years Later. Katie Couric Media. https://katiecouric.com/culture/jackie-kennedy-white-house-tour-1962/
Tramz, M. (2014, May 19). Decoding Jackie O’s Signature Style. Time. https://time.com/104581/jackie-onassis-style-icon/
The Untold Truth Of Jackie Kennedy. (2022, July 27). Www.youtube.com; The List. https://www.youtube.com/watch?v=2sPyzDeRvgs