ხმამაღლა მოყოლილი ამბები
ხმამაღლა მოყოლილი ამბები
ემოციური, მაგრამ იმედიანი
ფემინისტურ ლიტერატურას რომ ჩაუნაცვლებელი ადგილი უჭირავს ხელოვნების ამ სფეროში აღარავისთვისაა სიახლე, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ არავინ საუბრობდა ქალების როლსა და მნიშვნელობაზე საზოგადოებაში. სამწუხარო სტატისტიკაა, რომ ქალი პერსონაჟი ყოველთვის მეორეხარისხოვანი გმირის სახით გვევლინებოდა წიგნებში. მათი როლი მხოლოდ მამაკაცის შემდეგ, მისი ცოლის, საყვარლის ან დედის ფუნქციით შემოიფარგლებოდა.
ფემინიზმის ფორმირებასთან ერთად მასიურად გამოჩნდნენ ქალები, რომელთაც დაიწყეს იმ გამოცდილების გაზიარება, რომელზეც აქამდე არავინ სვამდა კითხვებს ან უარეს შემთხვევაში, თემა ტაბუდადებულის სტატუსით სარგებლობდა.
ამ სტატიის მიზანია მოგიყვეთ ნაკლებად პოპულარულ წიგნებზე, რომლებიც თამამად და მოურიდებლად აღწერს ქალის მძიმე ხვედრსა და მტკიცე ხასიათს. თუ გსურთ ეზიაროთ ემოციურ, მაგრამ იმედის მომცემ ლიტერატურას, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ შემდეგი წიგნები:
ლეილა "იძულებით გათხოვილი"
შუაგულ ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში ოჯახთან ერთად მცხოვრები ლეილა იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ხდება. საფრანგეთში ყოველწლიურად მსგავსი დანაშაულის დაახლოებით 50 000-მდე შემთხვევა აღირიცხება. ლეილა განვითარებად და ცივილიზებულ ქვეყანაში დაიბადა და აღიზარდა, მაგრამ მაროკოული წარმომავლობის გამო ფაქტობრივად ერთმევა ყველა ის უფლება, რასაც დემოკრატიული საფრანგეთი ანიჭებს. თუმცა ლეილას დაბადება მერიის სამოქალაქო აქტების რეესტრშია აღრიცხული, ეს საშუალებას არ აძლევს უარი თქვას მაროკოულ ტრადიციებზე და თავი დააღწიოს არასასურველ ქორწინებას. გოგონას თქმით, მისი წარმომავლობის ყოვლისშემძლეობას მისი მამა განასახიერებს. ოცდაერთი წლის სრულწლოვან ქალს მშობელი დამორჩილების მიზნით ფიზიკურად უსწორდება და ნივთის მსგავსად ათხოვებს კაცზე, რომელსაც ლეილა არც კი იცნობს. ლეილა არაერთხელ ცდის ქორწილის გადავადებას, მძიმე სამუშაოსაც არ არიდებს თავს, მაგრამ ხელფასის ფასადაც ვერ ყიდულობს თავისუფლებას. ეს მცირე მოცულობის წიგნი ნათლად დაგანახებთ იმ სიტუაციას, სადაც ადამიანის უფლებებს მხოლოდ ფორმალური სახე გააჩნია.
ხალიდ ჰოსეინი "ათასი მოელვარე მზე"
ეს ტრაგიზმითა და სევდით სავსე წიგნი სარკეა იმ ვითარების, რომელიც დღევანდელ ავღანეთშია. მსოფლიო ბესტსელერების ავღანელმა ავტორმა ხალიდ ჰოსეინმა “ათასი მოელვარე მზე” ავღანელ ქალებს მიუძღვნა. ამ ნაწარმოებში მწერლის ოსტატობას ხაზს უსვამს ფაქტი, რომ მამაკაცი ავტორი უაღრესი სიზუსტით აღგვიწერს მისი თანამემამულე ქალების ხვედრს. წიგნი სავსეა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობით, სისასტიკით, უუფლებობითა და ომის დანაშაულებით. მიუხედავად ამ მძიმე ყოფისა, ავღანელი ქალები იბრძვიან თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილების, განათლების მიღების და ადამიანის ძირითადი უფლებები მიიღონ. ისინი ახერხებენ ნაღმებისა და ჭურვების ფონზეც იპოვონ ხსნა და გაახარონ ყვავილები.
ჯეინ ოსტინი “მესფილდ-პარკი”
XVIII-XIX საუკუნეების ქალთა უფლელებზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ჯეინ ოსტინს, ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელს. “მენსფილდ-პარკი” ოსტინის მესამე რომანია, რომელიც მწერლის სხვა წიგნებტან შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. ნაწარმოებში აღწერილია ფანი პრაისის, როგორც ღარიბი ნათესავის ცხოვრება, რომელიც დეიდების წყალობით ხვდება გარემოში, სადაც ფულისა და ქორწინების თემა ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ყურადღებას იქცევს ერთი შეხედვით სუსტი, მაგრამ მტკიცე, ჯიუტი ხასიათის მქონე ფანი, რომელიც თამამად ამბობს უარს სარფიან მაგრამ უსიყვარულო ქორწინებაზე. ფანიმ იცის, რომ მისი ნათქვამი უარი ნათესავებს გაანაწყენებს, მაგრამ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უსიყვარულო ქორწინებაზე უარი თქვას. როგორ წარიმართება ამ გამბედავი გოგონას ბედი წიგნის კითხვისას გაეცნობით.
ელის უოკერი “იისფერი”
სტატისტიკა ნათლად მეტყველებს ელის უოკერის “იისფერის” სითამამესა და მოურიდებლობაზე, რადგან 2000-2009 წლების ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი უკავია. ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ეს სტატუსი წიგნს გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო მიანიჭა. რომანი ასახავს აფრო-ამერიკელი ქალის, სელის ცხოვრებასა და თვითრეალიზაციას 1909-1947 წლებში ჯორჯიის შტატში. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი საშინელ ძალადობას განიცდის მამის, მოგვიანებით კი ქმრის მხრიდან. წიგნზე დაფუძნებით შეიქმნა ფილმიც, რომელმაც უამრავი პრიზი დაიმსახურა, მათ შორის 2005 წელს ტონის პრემიის ლაურეატი მიუზიკლი გახდა.
ავტორი: ბარბარე ხურციძე
23.03.2023