სუადი
"ცოცხლად დამწვარი"
სუადი
"ცოცხლად დამწვარი"
წიგნი-მოწოდება
ლიტერატურა საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს, სხვადასხვა სტილის, სიუჟეტის, ჟანრისა თუ ხედვის სახით. მიუხედავად უწყვეტი ცვლილებებისა, ხელოვნების ამ სფეროშიც, საუკუნეები დასჭირდა ქალთა სქესის მიღებას. ეპოქაში, რომელშიც ქალები არ ფლობდნენ სივრცეს საზოგადოებრივ სფეროში, მოკლებული იყვნენ სოციალურ-პოლიტიკურ უფლებებს, ისინი ასეთივე დისკრიმინაციის წინაშე იდგნენ ლიტერატურაშიც. საუკუნეების განმავლობაში ქალის პერსონაჟი წარმოჩენილნი იყო, როგორც ფიგურა მამაკაცების შემდეგ, ერთგვარად მათი ოჯახური საჭიროებების შემსრულებელი. რაც შეეხება ქალ მწერლებს, მათი ნაშრომი ძალიან იშვიათად იბეჭდებოდა.
ქალთა უფლებების საკითხმა და მასთან დაკავშირებულმა წიგნებმა განსაკუთრებული აქტუალობა მე-20 საუკუნეში შეიძინა, გასული საუკუნეების განმავლობაში კი ქალებს უწევდათ ბრძოლა საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად და გამყარებული რწმენა-წარმოდგენების წინააღმდეგ. მათ თავად დაიწყეს აქამდე ვერ ან არ დასმული კითხვების დასმა.
დღესდღეობით, ქვეყნების უმეტესობაში ქალებს აქვთ ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა: სიცოცხლის, მუშაობის, გადაადგილებისა და თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება. თუმცაღა მიუხედავად მსოფლიოს განვითარების, დრომოჭმული ტრადიციებისა და სტერეოტიპების ნაწილობრივ განადგურების, რიგ ქვეყნებში ქალი კვლავ სუსტად სქესად და მამაკაცის საკუთრებად მიიჩნევა. არსებობს ალბანური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც გოგოს ოჯახი სიძეს იარაღს გადასცემს. ამ ქმედებით მშობლები უფლებას აძლევენ მამაკაცს მოკლას მეუღლე, იმ შემთხვევაში თუ უღალატებს ან განქორწინებას მოისურვებს.
არანაკლებ მძიმე ტვირთის ზიდვა უწევთ ქალებს პალესტინაში. “სუადი: ცოცხლად დამწვარი” სწორედ იმ არაჰუმანური ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს, რომლის მსხვერპლიც არაერთი გოგონა გამხდარა. სუადი ალაპარაკდა თემაზე, რომელსაც “ღირსების” დანაშაული ჰქვია და რატომღაც ვერავინ ბედავს ამაზე საუბარს . წელიწადში “ღირსების” დანაშაულის 5000-მდე შემთხვევა აღირიცხება. წიგნში მოთხრობილი ისტორია ავტორის ფანტაზიის ნაყოფს არ წარმოადგენს. ეს რეალური ამბავია, იმ ტაბუდადებულ დანაშაულზე, რომელსაც ღირსების სახელით მოიხსენიებენ. წიგნის მთავარი პერსონაჟი მდინარე იორდანიის დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები ქალია, რომლის მეხსიერებაც კვამლთან ერთად გაუჩინარდა, იმ დღეს, როდესაც სხეულზე ცეცხლი მოედო. სუადი ცხოვრობს იმ გარემოში, სადაც მცირე თავისუფლების მოსაპოვებლად აუცილებელია გათხოვდე, გაყიდო სხეული, სანაცვლოდ კი მარკეტში შესვლის, პარფიუმერიის გამოყენების, ფეხსაცმლის ჩაცმისა და ფრჩხილის ლაქის წასმის უფლება მოიპოვო. სუადი მთელი სიმძიმითა და სისასტიკით აღგვიწერს ცხოვრების რთულ წლებს, რომელიც პალესტინის ამ პატარა სოფელში გაატარა. ძალადობიდან დაწყებული, საავადმყოფოში დამწვარ მდგომარეობაში მშობიარობამდე. მცირე მოცულობის მიუხედავად, ეს წიგნი უამრავ ტკივილს, დამცირებასა და დანაშაულს ინახავს. ამ წიგნის მიზანია საბოლოოდ დაირღვეს დუმილი კაცების მიერ დადგენილი კანონების მსხვერპლად ქცეული ქალების შესახებ. ამ წიგნის წაკითხვისას თავად გაგიჩნდებათ უსამართლობის გრძნობა, იპოვით უამრავ კონტრასტს ჰუმანურ ცხოვრებასა და იმ წლებს შორის რომელიც სუადმა განვლო.
რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ფემინისტური ლიტერატურა?
ამ კითხვაზე 2022 წლის “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულმა, ანუკი შატაკიშვილმა თავისი აზრი გაგვანდო:
,,ცხადია, ფემინისტური ნაწარმოებები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ლიტერატურის! იმიტომ, რომ თითქოს ყოველთვის არის მხარე, რომელსაც ვხედავთ, მაგრამ ვერ ვიაზრებთ მის მნიშვნელობას. ქალები ამ დროს რა ტკივილს გადიან - ამისთვის დაფიქრებაა საჭირო. ამასთან, ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ თემაზე დაწერენ და დანარჩენ სამყაროს გააგებინებენ მსგავსი პრობლემების შესახებ.”
ნაწარმოებში აღწერილი უამრავი დანაშაულის და თითქოს წარუშლელი ტკივილის დატოვების შემდეგ, სუადი ახალი ფურცლიდან იწყებს ცხოვრებას. მართალია, სუადს არასოდეს დაავიწყდება ის შავბნელი დღეები, მაგრამ შესაძლებელია მათთან ერთად ცხოვრების სწავლა. ეს ის მთავარი აზრი და მოწოდებაა, რომლის ჩვენამდე მოტანაც სურს ავტორს. წიგნის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ყველას დაგვეუფლება გრძნობა, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ჩვენს ყველაზე ცუდ მოგონებებთან ერთად ცხოვრება შესაძლებელია, რომ თუ სუადმა შეძლო, თქვენც შეძლებთ!
ავტორი: ბარბარე ხურციძე
რედაქტორი: დავით მაჭავარიანი
20.03.2023