ინტერვიუ ანა გოგუაძესთან
თანამედროვე სამყაროში თავს იჩენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უთანასწორო გარემოში ცხოვრების პრობლემა. მათთვის განათლების მიღებისა და დასაქმების პრობლემა ჯაჭვურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რასაც, სოციალურ–ეკონომიკური ფონისა და სტერეოტიპების გარდა, უთანასწორო გარემოც იწვევს. ანა გოგუაძეს, ახალგაზრდა ფოტოგრაფსა და სოციალური კაფე “მზიურის” დამფუძნებელს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს.
- როგორ ფიქრობთ, ანა, ცხოვრობთ თუ არა თანასწორ გარემოში?
- არა, თანასწორ გარემოში ბევრი მიზეზის გამო არ ვცხოვრობ: არაადაპტირებული გარემო და საჭირო სერვისების არარსებობაა მთავარი მიზეზი.
ქალაქში გაჩნდა ადაპტირებული ავტობუსები, თუმცა მეტრო ისევ მიუწვდომელია. ასევე, სახელმწიფო დღემდე არ ავალდებულებს ბიზნესს გარემოს მისაწვდომობაზე. ქვეყანაში არ გვაქვს ადაპტირებული ქსელური მაღაზიები, ესთეტიკური ცენტრები ან თუნდაც კვების ობიექტები.
არაადაპტირებული გარემო და არარსებული სერვისები დამატებითი დაბრკოლებაა კარიერულ წინსვლაშიც, ამგვარი პირობები ნიშნავს ყოველდღიურ დისკრიმინაციას.
- რა დამოკიდებულებას გრძნობთ საზოგადოების მხრიდან?
- საზოგადოება იმდენად ჩაფლულია სიდუხჭირეში, რომ სხვა ადამიანების უფლებებისთვის ნაკლებად იცლის. ზოგადად, საზოგადოებას, ჩემი აზრით, მცდარი შეხედულებები აქვს შშმ პირებთან მიმართებაში.
- რა რჩევას მისცემდით შშმ პირებს?
- ნუ დაელოდებით სხვას, თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. მხოლოდ თქვენი დამოკიდებულებით და აქტიურობით შეიცვლება როგორც გარემო, ასევე სხვების დამოკიდებულება თქვენს მიმართ.
ხშირად, როდესაც ადამიანებს რჩევის გაზიარებას ვთხოვთ, შაბლონურ ტექსტებს ვიღებთ, რომლებსაც თავად ავტორებიც ნაკლებად ითვალისწინებენ. აღსანიშნავია, რომ ანას სიტყვებს მყარი საფუძველი აქვს და ამის დასტური კაფე “მზიურია”. ეს არის ადგილი, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები იბადება და იზრდება. თუკი გემრიელი ყავის მირთმევა თქვენთვის მყუდროებასთან ასოცირდება, აქ დესერტად იღებ ზღაპრულ ქილამუშს, შთაგონებას და შემართებას სასარგებლო საქმისთვის.
ანა გოგუაძემ “მზიურის” სახით შექმნა სოციალური საწარმო, რითაც პასუხისმგებლობა აიღო არამხოლოდ საკუთარ, არამედ სამოქალაქო საზრუნავზე. თუ შენც გაწუხებს ის გამოწვევები, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში იჩენს თავს, გახსოვდეს, რომ ცვლილება უნდა დაიწყო შენით.
ავტორი: ბარბარე ხურციძე
22.02.2024