რომანტიზმი
რომანტიზმი
გასაყარი რეალობასა და არარეალობას შორის
XVIII-XIX საუკუნეები რომანტიზმის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ის დროა, როდესაც რომანტიზმმა ფეხი მოიკიდა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. რომანტიზმმა მოიცვა თითქმის ყველა დარგი, ლიტერატურით დაწყებული - ხელოვნებით დასრულებული.
რომანტიზმს ბევრი სახე აქვს და ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, როცა საქართველოში ყურადღება ეროვნულ პრობლემაზეა გამახვილებული, უცხოეთში პიროვნული, ინდივიდუალური საკითხები ბობოქრობს.
ლიტერატურის ამ ჟანრის საფუძველია რეალობისა და სრულყოფილი, არარეალური სამყაროს დაშვება. რომანტიზმი გზაა, დააღწიო თავი რეალობას და ისწრაფო იდეალური სამყაროსკენ. თუმცა, ამასთან ერთად, იდეალური სამყაროს არსებობა რომანტიკოსისთვის ბურუსით მოცულ გრძნობებთანაა დაკავშირებული. ერთი მხრივ, მის წარმოსახვაში არსებობს სრულყოფილი ,,ცხოვრება”, სადაც თავს კარგად გრძნობს, მეორე მხრივ კი მან იცის, რომ რეალურ ცხოვრებაში, მის მიერ წარმოდგენილი იდეალური სამყარო არ არსებობს. იცის, რომ რეალური სამყარო არაფრით გამორჩეული და მონოტონურია. ეს დამოკიდებულება მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილია, როგორც ,,მსოფლიო სევდა”.
რომანტიზმმა შექმნა მარტოსული ადამიანის სახე, მთელი სიცხადით გამოხატა ადამიანის შინაგანი სამყარო და სევდა, რომელსაც ის ატარებს. რომანტიკოსი საზოგადოებისგან გარიყულია, საზოგადოებასთან საერთო ენას ვერ პოულობს, მეგობარს კი ბუნებაში ეძებს. ბუნებით ივსებს ცხოვრებისგან გამოწვეულ სიცარიელეს; აქ დაეძებს იმ ცხოვრებას, რომელიც უნდა რომ რეალურ ცხოვრებაში ჰქონდეს. ეჭვგარეშეა, რომანტიკოსების ყოფა მეტად სევდიანია. ირონიულია, რომ რომანტიკოსი სიყვარულშიც ვერ პოულობს ხსნას. რომანტიკული სიყვარულის ბოლო ბედნიერი დასასრული არასდროსაა, რადგან ზუსტად ამით არის იგი განუმეორებელი.
ჯორჯ გორდონ ბაირონი (1788-1824) ინგლისელი რომანტიკოსი პოეტია. იგი, ინგლისელთა არისტოკრატიულ წრეებთან უთანხმოებისა და ოჯახში დაძაბული ურთიერთობის გამო, შვეიცარიაში გაემგზავრა. მისი ლექსების ციკლში - ,,ებრაული მელოდიები” - ასახულია სამშობლოს დაკარგვის და მონატრების მძიმე რეალობა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ის ინარჩუნებს გამარჯვების რწმენას და ასახავს ადამიანის შინაგან ძალას. სამშობლოსგან შორს ყოფნის პერიოდში, მან ლექსებში ასახა საკუთარ თავთან ბრძოლა, ჭიდილი და უიმედობა, ამასთან ერთად კი მკაფიოდ გვაგრძნობინა მომავლის იმედი და თავისუფლების მიმართ ლტოლვა. უნდა აღინიშნოს, რომ საამაყო ქართველი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და ბაირონი ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ წერის სტილით და მათ ნაწარმოებებშიც იგრძნობა საერთო განწყობა.
ნიკოლოზ ბარათაშვილი (1817-1845) ქართველი რომანტიკოსია, რომელმაც ქართული რომანტიზმი უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. მის შემოქმედებაში, ძირითადად, აღწერილია ,,სულით ობლობა”. ის მთლიანად სევდას ჰყავს შეპყრობილი და ცდილობს ბუნებაში დააღწიოს თავი ყოველივეს. ის გაურბის რეალობას და არ ეპუება ბედს.
,,გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!”
ბარათაშვილმა დიდი როლი შეასრულა ქართულ ლიტერატურაში, მან ერთგვარი მიმართულება მისცა ლიტერატურას. მოგვიანებით ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ბარათაშვილმა დასაბამი მისცა ევროპეიზმის დამკვიდრებას საქართველოში.
რომანტიზმმა სიახლე შეიტანა ხელოვნების ყველა დარგში. ეს ჟანრი ეხება ისტორიასაც, წარსულსა და მომავალსაც. დღევანდელი რეალობიდან რომ შევხედოთ ამ ჟანრს, შევძლებთ დავინახოთ თუ როგორი დატვირთულია რომანტიზმი ადამიანის ფსიქოლოგიური კუთხითაც. აქ აღწერილია ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რაც დღეს ფსიქოლოგიური ტერმინებითაა ცნობილი. რომანტიზმი - ეს არის ბრძოლა საკუთარი თავის და ცხოვრების წინააღმდეგ, რომელიც არასდროს მთავრდება.
ავტორი: ელისაბედ ჩხიკვიშვილი
10.04.2023