რა არის ლიტერატურა?
რა არის ლიტერატურა?
დავიწყოთ თავიდან: ლიტერატურა (ლათ.littera-,,ანბანის ასო'') ეტიმოლოგიურად ბერძნულიდან არის ,,ვწერ''. - ეს რაც შეეხება სიტყვის მშრალად აღწერას. რეალურად კი ლიტერატურა ხელოვნების დარგია, რომლის დახმარებითაც ადამიანები თავიანთ გრძნობებს წერილობით გადმოსცემენ. ხშირად, მწერლები ლიტერატურით ცდილობენ შექმნან ახალი ცხოვრება, ისეთი, რომელშიც თავად იცხოვრებდნენ. ისინი თავად განაგებენ ფურცელზე მელნით დაწერილ ამბავს. ამ პროცესში მწერალს შესაძლებლობა აქვს ჩაატიოს ყველანაირი განცდა, სათქმელი, გამოხატოს საკუთარი გრძნობები. სწორედ ასეთ შემთხვევაში იქმნება ლიტერატურული შედევრები, რომლებიც დროს უძლებენ.
ლიტერატურაზე საუბრისას მაღალია ალბათობა იმისა, რომ კონკრეტულ ნაწარმოებზე, ორმა ადამიანმა სხვადასხვა აზრი გამოთქვას. ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს სწორი და არასწორი შეხედულება. ეს ბუნებრივია, ნებისმიერ ნაწარმოებს ადამიანები ხომ თავიანთი გადმოსახედიდან აღიქვამენ.
პირველი შეხება ლიტერატურასთან ბავშვობაში გვაქვს, როცა ზღაპრებს გვიკითხავენ. გვამცნობენ ისეთი „სამყაროს“ შესახებ, რომელიც არ არსებობს, თუმცა ის ფერადი, კეთილი და მიმზიდველია. უძველეს ზღაპრებში ხშირად უდიდესი სიბრძნეა ჩადებული. ეს ჩვენს გონებაში სამუდამოდ ილექება. ზღაპარი, ასევე, ფანტაზიის უნარს უღვივებს ადამიანს.
ლიტერატურა ეპოქების ცვლილებისას ყოველთვის იცვლებოდა და გამოხატავდა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ მდგომარეობებს. ლიტერატურული ეპოქებია: რენესანსი, კლასიციზმი, ბაროკო, რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი და ეგზისტენციალიზმი.
რენესანსი, იგივე აღორძინება XIV-XVI საუკუნეებში განვითარდა, რომელიც ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „მეორედ დაბადება“. იტალიაში დაიწყო და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა. ამ ეპოქაში, ასევე, ინტერესია ანტიკური კულტურის მიმართ. ხშირად ამბობენ, რომ რენესანსის დაწყებით დაიწყო „თანამედროვე“ ეპოქა.
კლასიციზმი წარმოიშვა XVII საუკუნის საფრანგეთში. კლასიციზმის ჩამოყალიბებაში დიდი როლი თვითონ მონარქიის იდეოლოგიას უჭირავს. კლასიციზმმა დაჰყო ლიტერატურა მაღალ და დაბალ ჟანრებად. მაღალი ჟანრის მთავარი პერსონაჟები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ღმერთები და მეფეები. დაბალ ჟანრად მოიაზრებოდა ზღაპარი,იგავ-არაკი,კომედია.
ბაროკო რენესანსის ეპოქის შემდეგ ჩამოყალიბდა და ნიშნავს გაზვიადებულ მოძრაობას. აღსანიშნავია, ისიც, რომ ესპანეთში ბაროკომ დიდ წარმატებას მიაღწია და დიდი როლი შეასრულა არა მხოლოდ ლიტერატურაში. ბაროკო მოჩვენებით სტილადაც არის აღიარებული და ასეთ ლიტერატურულ ნამუშევრებს, ძირითადად საფუძვლად უდევს სოციალური პრობლემები.
რომანტიზმი მე-18-19 საუკუნეში, საფრანგეთში ჩამოყალიბდა და შემდეგ მოიცვა მთელი ევროპა. რომანტიზმი ნიშნავს რეალურისა და იდეალურის არსებობის დაშვებას. ასეთი სამყაროს არსებობა რომანტიკოსისთვის სიხარულის სათავეც არის და და ტრაგიკულისაც. სიხარულის იმიტომ, რომ არსებობს ისეთი იდეალური სამყარო, როგორიც თვითონ მწერალს უნდა. ხოლო, ტრაგიკულის იმიტომ, რომ ასეთი სამყარო რეალურად არ არებობს და მიუწვდომელია. ასეთი არარსებული სამყარო იწვევს სევდა-ნაღველს.
რეალიზმი XIX საუკუნებიის საფრანგეთში ჩაისახა. იგი შეულამაზებლად აღწერდა რეალობას. რეალიზმის მთავარი ნიშანია მდგომარეობის გაანალიზება. რეალიზმის მთავარი არსი არის გარემოზე და მდგომარეობაზე დაკვირვება, ყველაფრის შეულამაზებლად ჩვენება და სურვილი,მანკიერი მხარეების აღმოფხვრისა. რეალისტები ძირითადად ეყრდნობოდნენ და ყურადღებას აქცევდნენ რეალურ ფაქტებს და მეცნიერულ ფაქტებს.
მოდერნიზმი ჩაისახა დასავლეთ ევროპაში. ვითარდებოდა იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში. მოდერნიზმი ძირითადად ნიშნავს ყველაფრის ძირფესვიანად შეცვლას,პროგრესულ ხელოვნებას. მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ლიტერატურა მეოცე საუკუნეში აღწევს მნიშვნელოვან სიმაღლეებს.
ეგზისტენციალიზმი XIX-XX საუკუნეებიდან იღებს სათავეს, ეგზისტენციალიზმი ნიშნავს არსებობის ფილოსოფიას, მთავარი აზრია ადამიანის არსებობის ფილოსოფია. ადამიანი თვითონ განსაზღვრავს თავის ცხოვრებას და მნიშვნელობას.
ლიტერატურაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ ისიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას ადამიანის ცნობიერებისათვის. ლიტერატურა და ცხოვრება ერთმანეთთან ძლიერად არის დაკავშირებული, იგი დამოკიდებულია გრძნობებზე, ტრაგედიებზე, სურვილებზე. მოკლედ რომ ვთქვა, ლიტერატურა ცხოვრებიდან „იზრდება“. ლიტერატურა ადამიანის თვითგამოხატვის საშუალებაა. წარსულში და ახლაც, მწერლები აღწერენ მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, განცდებს, რეალობა-არარეალობას. ისინი საკუთარ აზრს და წარმოსახვის ნაყოფს უზიარებენ მკითხველს. მკითხველი ამით პოულობდა და პოულობს „ახალ ცხოვრებას“, თავიანთი ინტერესების გამოხატულებას. ადამიანმა თავისუფლად შეიძლება იპოვოს ,,მეგობარი''სასურველი ლიტერატურული ჟანრით და შეიმსუბუქოს სიმარტოვე. იმის მიუხედავად, თუ რაოდენ განვიათარებული, ლამაზი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებითაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ყოველთვის დაგვჭირდება უფრო მეტი და ამას უფრო მეტი წიგნის,მეტი ლიტერატურული ჟანრის გაცნობით შევივსებთ. შესაძლებელია, ძიების პროცესში ისეთ ჟანრებს მივაკვლიოთ, რომლებითაც წარსულში არ დავინტერესებულვართ და ამ სიახლემ ჩვენს განვიათარებაზე და ხედვაზე დიდი გავლენა მოახდინოს. ჩვენი გონება და წარმოსახვა ხომ ყოველთვის უფრო და უფრო მეტს მოითხოვს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს ლიტერატურის გარეშე არ უარსებია და ადამიანის ევოლუციასთან ერთად, ლიტერატურაც ვითარდება და იცვლება.
დაბოლოს, რადგან ყველა კომპოზიცია, სიუჟეტი, არქეტიპი, თუ კონფლიქტი წარმოიშვა მსოფლიო ლიტერატურაში, ამ ლიტერატურის ცოდნა უბრალოდ უფრო განათლებულად წარმოაჩენს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.
ავტორი: ელისაბედ ჩხიკვიშვილი
რედაქტორი: დავით მაჭავარიანი