ქალთა მასობრივი პროტესტი
ქალთა მასობრივი პროტესტი
2022/2023 წლის მთავარი მოვლენა ირანში
2022 წლის 16 სექტემბერს, თეირანში ქალთა მასობრივი პროტესტი დაიწყო, რომელიც ახალგაზრდა გოგონას, მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია. 22 წლის გოგონა ირანის ადგილობრივმა ,,მორალის პოლიციამ’’ დააკავა, ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის და სასტიკად სცემა განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ. ირანის მთავრობის განცხადებით, ამინის სიკვდილი გულის შეტევით იყო გამოწვეული, მაგრამ თვითლმხილველთა გავრცელებული ინფორმაციით, ის გარდაიცვალა თავის არეში მძიმე დარტყმის შედეგად.
ამის შემდეგ, მაჰსა ამინისადმი სოლიდარობის ნიშნად დაიწყო მთელი რიგი საპროტესტო აქციების, რომელიც იმდენად მასშტაბური გახდა რომ მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ მალევე მოექცა. დემონსტრანტების უმეტესობას ირანელი ქალები შეადგენდნენ, რომელნიც სახალხოდ იჭრიდნენ თმასა და წვავდნენ ჰიჯაბებს. პოლიცია იყენებდა ცრემლსადენ გაზსა და ხელკეტებს აქციების დასარბევად. ამსახველი კადრები,ფოტო თუ ვიდეო მასალა -სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა დემონსტრანტთა რაოდენობა. საპასუხოდ ირანის ხელისუფლებამ დაიწყო მომიტინგეთა დაპატიმრება და დასჯა, რასაც ემსხვერპლა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.ამის გამო კიდევ უფრო გამწვავდა სიტუაცია მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. სამართალდამცავები და დემონსტრანტები ერთმანეთს სასტიკად დაუპირისპირდნენ. მოვლენები არაერთმა საინფორმაციო არხმაც გააშუქა, მაგალითად CNN-ისა და BBC-ის მიერ გამოქვეყნდა უშუალოდ აქციების ადგილზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს პოლიციისა და მომიტინგეთა დაპირისპირება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ირანელი ქალები დაიღალნენ ზნეობის პოლიციის მხრიდან ძალადობით, ისლამური რესპუბლიკის ლიდერთა მიერ კი ქალთა ქმედებების მუდმივი კონტროლით. მაჰსას სახელი წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. CNN-ის ინფორმაციით, ირანის მთავრობამ „ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმოების’’ ბრალდებით, ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისთვის გაასამართლა და სიკვდილით დასაჯა რამდენიმე მომიტინგე(ზუსტი რაოდენობა უცნობია).
თავის მხრივ ირანის მთავრობა უარყოფდა ყოველგვარ ბრალდებას. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ყოველივე ,,უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი არეულობაა’’(კონკრეტულად ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების). სხვადასხვა ირანული საინფორმაციო და დოკუმენტური ქსელები, განსაკუთრებით კი ,,Press TV’’ აქტიურად ცდილობდა აშშ-ს ბრალეულობის დამტკიცებას, რადგან ითვლება რომ ამერიკა ირანის დამორჩილებას ისახავს მიზნად..ამის შესახებ, არაერთი სტატია გამოქვეყნდა, მაგალითად , საერთაშორისო საინფორმაციო არხის Al Jazeera-ს ონლაინ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ირანის ხელისუფლების ლიდერის, ალი ხამენეის პოზიციას ქალთა პროტესტთან დაკავშირებით, რომლის მოსაზრებით აღნიშნული ,,არეულობა’’ მოწყობილია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ, ზოგიერთი მოღალატე ირანელის ხელშეწყობით. ხამეინის მტკიცებით, ჰიჯაბის ტარება არ წარმოადგენს მთავარ საკითხს, არამედ ისლამური ირანის დამოუკიდებლობა, სიძლიერე არის ის, რასაც რეალურად ებრძვიან. აშშ-ს სურს შეაჩეროს ირანის წინსვლა, განვითარება, რომელსაც ქვეყანამ სანქციების მიუხედავად მიაღწია.
მიუხედავად მმართველი ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობისა, ირანის მოქალაქეები პროტესტს არ წყვეტენ, მაჰსასთვის და სხვა ყველა ირანელი ქალისთვის სამართლიანობის,თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების მოთხოვნით. ირანული პროტესტის ორგანიზატორებმა, საერთაშორისო თანამეგობრობასა და სხვადასხვა ევროპულ პარტიებს, მოუწოდეს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისკენ. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ირანში დაბადებული ბრიტანელი მსახიობი და აქტივისტი-ნაზანინ ბონიადი, რომელიც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ - ჯეიკ სალივანს შეხვდა, რათა განეხილა თუ როგორ შეუძლია ბაიდენის ადმინისტრაციას დაეხმაროს მომიტინგეებს აღკვეთოს ძალადობა და პასუხისმგებლობა დააკისროს ყველა დამნაშავეს, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
ირანში ქალთა მასობრივ საპროტესტო აქციებს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. 2022 წლის დეკემბერში, გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ (ECOSOC) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ირანი გარიცხეს გაეროს გენდერული თანასწორობის გლობალური ორგანოდან ქალთა სტატუსის კომისიიდან(CSW). ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს.
ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, დიდიე რეინდერსი, 2023 წლის 17 იანვარს სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი გმობს ირანში სიკვდილით დასჯის კანონს და მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას განახორციელოს თანმიმდევრული პოლიტიკა სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის. რეინდერსმა აღნიშნა, რომ მოიწვიეს ირანის ელჩები, რათა მკაცრად დააჩქარონ რეაგირების პროცესი. დამატებით ევროკავშირის 2022 წლის სექტემბრის რეზოლუციაში ხაზი გაესვა ყველა შემაკავებელ ზომას ადამიანების უფლებების დარღვევის აღსაკვეთად. მასობრივი მიტინგების პარალელურად, ირანში სამართლიანობის აღდგენა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში რჩება. აღსანიშნავია, რომ რეინდერსის განცხადებიდან მალევე, 2023 წლის 23 იანვარს, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ათობით ირანელ ოფიციალურ პირს და ორგანიზაციას(მათ შორის რეგიონის დეპუტატებს, გუბერნატორებს და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ- ჰამიდ საჯადის) . შემაკავებელი ზომები ასევე დაუწესდათ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულია ჯაშუშურ პროგრამებთან, სოციალურ მედიასთან, თუ უსაფრთხოების აღჭურვილობის წარმოებასთან, (რომლებიც დარბევისას გამოიყენებოდა) და რევოლუციური გვარდიისა და მისი რეგიონული ქვედანაყოფის მაღალჩინოსნებსაც.
ირანის მთავრობა დღემდე უარყოფს ყველა წაყენებულ ბრალდებას, მაშინ როცა ქვეყნის მოქალაქეები, ქალთა უმრავლესობით არ წყვეტენ მიტინგებს. ერთი კი ფაქტია, რომ სამყარო მომსწრეა ირანის ისტორიაში ქალთა ყველაზე ფართომასშტაბიანი პროტესტის, რაც დიდი ცვლილების დასაწყისია გენდერული თვალსაზრისით.
ავტორი: მარიამ ხინიკაძე
რედაქტორი: დავით მაჭავარიანი
01.02.2023
სტატიაში გამოყენებული წყაროები:
1 Mahsa Amini’s Death: 5 Things You Need to Know. (2022, September 29). Www.womensvoicesnow.org. https://www.womensvoicesnow.org/mahsa-amini?gclid=Cj0KCQiAzeSdBhC4ARIsACj36uEMzf3KgwO5q1KiJQ7jopaJ_SaWJ8l36EuvBTRNxiRcogyuT1AatekaAudfEALw_wcB
2 Issawi, D., & Bansinath, B. (2022, December 5). What to Know About the Protests in Iran. The Cut. https://www.thecut.com/2022/12/women-across-iran-are-protesting-the-morality-police.html
3 Gritten, D. (2022, December 6). Iran protests: BBC identifies many more people killed in demonstrations after Mahsa Amini’s death. BBC News. https://www.bbc.com/news/world-middle-east-63836921
4 Mahsa Amini: Women in Iran burn headscarves in anti-hijab protests – BBC News. (2022, September 21). Www.youtube.com; BBC News. https://www.youtube.com/watch?v=I-pxST_GHv4
5 Rebane, T., & Moshtaghian, A. (2022, December 12). Second known protest-related execution carried out in Iran. CNN. https://edition.cnn.com/2022/12/12/middleeast/iran-executes-second-protester-intl-hnk/index.html
6 PressTV, & Magnier, E. J. (2022, October 7). It’s not about Hijab or women’s rights but forcing Iran into submission. https://www.presstv.ir/Detail/2022/10/07/690511/Iran-Hijab-women-rights-
7 Motamedi, M. (2022, October 3). Iran’s Khamenei blames Israel, US in first comments on protests. Www.aljazeera.com. https://www.aljazeera.com/news/2022/10/3/irans-khamenei-blames-israel-us-in-first-comments-on-protests
8 Iran Crisis Updates. (2022, September 28). Critical Threats. https://www.criticalthreats.org/analysis/ctp-iran-crisis-updates
9 KIANPOUR, S. (2023, January 22). The Women of Iran Are Not Backing Down. Politico. https://www.politico.com/news/magazine/2023/01/22/women-rights-iran-protests-00069245
10 Iran removed from UN Commission on the Status of Women. (2022, December 14). UN News _Global Perspective Human Stories; UNITED NATIONS. https://news.un.org/en/story/2022/12/1131722
11 Reynders, D. (2023, January 17). EP Plenary: The EU’s response to the protests and executions in Iran. Audiovisual.ec.europa.eu; European Union. https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-235851
12 Cook, L. (2023, January 23). EU imposes sanctions on more Iranian officials, organizations in response to human rights abuses. PBS NewsHour. https://www.pbs.org/newshour/world/eu-imposes-sanctions-on-more-iranian-officials-organizations-in-response-to-human-rights-abuses