ზღაპარი
ზღაპარი
ადამიანი, დასაბამიდან დღემდე, სრულყოფილი სამყაროს ჩამოყალიბებას ესწრაფვის. ასეთი სამყარო კეთილშობილი, მრვალფეროვანი და სამართლიანია.
ვფიქრობ, ამ რთული ამოცანის შესრულების მცდელობისას იქმნებოდა ის ზღაპრები და ხალხური თქმულებები, რომელთა ბოლო ყოველთვის კეთილია, სადაც ჭეშმარიტ გმირებად გვევლინებიან ძლიერი, ჭკვიანი ადამიანები, სადაც სიყვარული, მეგობრობა და თანადგომა უპირველესია.
ბავშვისათვის ზღაპრის ხიბლი ალბათ ის არის, როდესაც თბილად მოკალათებულს, ძილის წინ დედა საოცარ ამბებს უკითხავს, ფარდის მიღმა კი, მუქი იისფერი ციდან მსუბუქი ფანტელები ცვივიან… ან, სულაც გაზაფხულია და ფოთლების იდუმალი შრიალი ისმის. პატარაობისას, ზღაპრის ერთობლივი კითხვა მშობელთან, მისტიურისა და ემოციურის ნაზავს ქმნის. ეს შეგრძნებები დიდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ განვითარებაზე. სწორედ ზღაპრის მეშვეობით შემოდის ბავშვის ცნობიერებაში ცხოვრებისეული რეალობები, ხდება გარემოსთან ადაპტირება.
Ზღაპარი არ გახლავთ მხოლოდ უფლისწულების, მეფის ასულების, ქოდნრისკაცების, ფერიების და ყოვლისშემძლე გრძნეულების ფერადი, ჯადოსნური სამყარო. Მათში უდიდესი ცხოვრებისეული სიბრძნეა ჩადებული. ეს სიბრძნე უმნიშვნელოვანესია, როგორც პატარებისათვის, ისე უფროსებისათვის. Მისი გააზრება აღვივებს წარმოსახვას, ხელს უწყობს ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ერთი სიტყვით, ზღაპარი დიდ როლს თამაშობს აზროვნების ჩამოყალიბებაში.
ქართული ხალხური ზღაპრები, ისევე, როგორც მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, გაჯერებულია სიბრძნით, კეთილისა და ბოროტის ჭიდილით.
მათში გამოხატულია ჩვენი ერის წარსული, ზნე-ჩვეულებები, გადმოცემულია ფოლკლორის, ხალხური თქმულებების, ეთნოგენეზის შესახებ.
Არსებობს მოსაზრება, რომ ქართული ხალხური ზღაპრები ზედმეტად მკაცრი და სასტიკია, რაც გადაჭარბებულია. ერთია, რომ “საშიში ზღაპრები” ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ რეგულაციას, ავისა და კარგის გარჩევას, აყალიბებს გარკვეულ დამოკიდებულებებს საგნებისა და მოვლენების მიმართ. თანაც, თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ქართულ ზღაპრებში სამართლიანობა, ჭკუა და მოხერხებულობა ყოველთვის იმარჯვებს, ზოგი მათგანი კი ნამდვილი ჰიმნია გმირობისა და მეგობრობისა. ჩვენი ზღაპრები ნათლად იძლევიან კეთილისა და ბოროტის გარჩევის საშუალებას.
სხვათა შორის, ზღაპრების სასტიკ შინაარსს ძმები გრიმების შემოქმედებასაც საყვედურობდნენ. თუმცა, მათი მიზანი ზღაპრისათვის ხალხურობის შენარჩუნება იყო, რასაც კოლოსალური შრომის შედეგად მიაღწიეს კიდეც. გრიმების ‘’საბავშვო და საოჯახო ზღაპრები’’ მთლიანად ხალხურ თქმულებებსა და ფანტაზიებზეა დაფუძნებული.
ძმებმა იაკობ (1785 - 1863 წ.წ.) და ვილჰელმ (1786 - 1859 წ.წ.) გრიმებმა, გერმანელმა ფილოლოგებმა და პროფესორებმა მთელი ცხოვრება გერმანიის კულტურისა და ფილოლოგიის შესწავლას მიუძღვნეს.
თავიანთი სახელგანთქმული ზღაპრების კრებულით მათ ხალხურ ზღაპრებს ლიტერატურული ჟანრის უფლება მიანიჭეს და შეუნარჩუნეს ტრადიციული ფოლკლორული საფუძველი.
Გრიმების სამყაროში ყოვლისშემძლე ხელმწიფეებს, მეფის ასულებს, ძვირფას ეტლებს, ოქროს სასახლეებს, - უთანაბრდებიან ღარიბი მეწისქვილე მიწური ქოხით, ჭკვიანი გლეხის გოგო, კეთილი ჯარისკაცი, შრომისმოყვარე მსახური. Ყოველთვის, როდესაც ნაწარმოების გმირს უჭირს, მის გადასარჩენად ჩნდებიან ჯადოსნური პერსონაჟები. Ისინი იცავენ და ეხმარებიან კეთილ ადამიანებს. ჭკვიანი მელია,გრძნეული ქონდრისკაცი, მოლაპარაკე ჩიტუნია, - თითქოს ცხოვრებისეულ უსამართლობას აწონასწორებენ.
Ღარიბს სასწაულმოქმედ სუფრას აკუთვნებენ. Ობოლი გოგონა უფლისწულს უყვარდება, უჩინმაჩინის ქუდი, მფრინავი ხალიჩა, ჯადოსნური ბეჭედი განსაცდელში მყოფ გმირებს შველიან.
რასაკვირველია, ზოგჯერ ზღაპრის მორალი ცოტა გულუბრყვილოა, მაგრამ ყოველ მათგანში უდიდესი რწმენაა სამართლიანობისა და ადამიანის შესაძლებლობებისადმი.
გრიმებისგან განსხვავებით, პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი მეზღაპრე, დანიელი ჰანს ქრისტიან ანდერსენი (1805-1875), თავად იყო უამრავი ზღაპრის, ლექსისა და მხატვრული ნაწარმოების ავტორი, თუმცა მისი ფანტაზიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბავშვობაში მოსმენილმა თქმულებებმა.
Მართალია, ანდერსენის ზღაპრები ახლოა სასტიკ რეალობასთან, მაგრამ ისინი აღსავსეა სიკეთის, სიყვარულის, სამართლიანობის დაუძლეველი რწმენით, რწმენით,რომელმაც პატარ გერდას შთაბერა ძალა, მიეღწია თოვლის დედოფლის სასახლემდე. Მან შეძლო კაის თვალიდან და გულიდან ამოეღო ის ჯადოსნური სარკის ნამსხვრევები, ბიჭს, რომ მშვენიერების, სიყვარულის დანახვის უნარი მოუსპო. Გერდამ მეგობრის თბილი გული არ დაუკარგა ადამიანებს.
ანდერსენის ცხოვრება, მისი გმირების მსგავსად, თავგადასავლებით, სულიერი ქარტეხილებით იყო აღსავსე. ალბათ ამის გამო, მისი ზღაპრები ღრმად ფილოსოფიურია, თავად კი ამბობდა, - ბედნიერებას მხოლოდ სამყაროსათვის სიკეთის მოტანა გვანიჭებსო. ალბათ ამიტომ დაუტოვა ამ სამყაროს თავისი წილი სიკეთე - საოცარი, სევდანარევი ზღაპრები. დიახ, სევდანარევი, თუმცა სევდა ხომ ადამიანის სულს აკეთილშობილებს, მის გარეშე კი გრძნობათა პალიტრას ერთი არსებითი ფერი აკლია.
ანდერსენის ზღაპრები სითბოთი ავსებს ადამიანთა გულებს, განურჩევლად ასაკისა. Მან ზღაპრების წერა უფროსებისთვის დაიწყო, თუმცა თავიდან ბავშვებში მოიპოვა პოპულარობა.
ასევე, ბავშვებისთვის უსაყვარლესი მეზღაპრეა შარლ პერო (1628 - 1703). Მისი ხსენებისას, პატარებს ალბათ პირველად ,,წითელქუდა’’ გაახსენდებათ, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ლიტერატურული ზღაპრის ჟანრს სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი.
პოეტი, კრიტიკოსი, დიდი მოაზროვნე და საფრანგეთის აკადემიის წევრი, შარლ პერო, პირველი კრებულის ავტორი თითქმის 70 წლის ასაკში გახდა. Მისი ზღაპრების თითქოს მარტივი სიუჟეტის მიღმა დაუღალავი შრომა იმალება. იგი მიმართავდა ფოლკლორს, ამუშავებდა და სტილისტურად ხვეწდა ნაწარმოებებს და ნაწარმოებთა სიუჟეტებს. მისი ენა იმდენად მაღალმხატვრულია, პერსონაჟთა აღწერა კი ისეთი ფრთხილი, რომ ,,საშიში’’ გმირებიც კი მისაღებად გამოიყურებიან. Ასე იქმნებოდა “ჩექმებიანი კატა”, “ცეროდენა”, “მძინარე ზეთუნახავი”....
შარლ პეროს ზღაპრები ფრანგული ლიტერატურის დემოკრატიზაციის საფუძვლად ითვლება და უკვე სამი ასეული წელია, არ კარგავს პოპულარობას.
შობა საშობაო ზღაპრის გარეშე წარმოუდგენელია.
და აქ გვახსენდება ვინ, თუ არა ბუნებისა და სულის დაფარულ ძალთა ნათელმხილველი, ღამის პოეტი და ზმანებების მეხოტბე - ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (1776 - 1826). გერმანელი მწერალი და კომპოზიტორი, საოცარი ნაწარმოებების შემქმნელი, ავტორი შედევრისა - “მაკნატუნა და თაგვების მეფე”.
ნათელი და სადღესასწაულოა ეს საშობაო ზღაპარი, სადაც ურთიერთქმედებაშია ადამიანების, თაგვების და თოჯინების სამყარო. ეს ყველაფერი თითქოს შობის ღამის სასწაულს უკავშირდება, რასაც ავტორიც ხაზს უსვამს. ალბათ ცდილობს, ბავშვებისათვის ამოუხსნელი დარჩეს მაკნატუნას თავგადასავლი. - რა იყო ეს, მხოლოდ პატარა მარის სიზმარი, თუ რეალობა. თუმცა ნაწარმოებში მთავარი მაინც ჭკვიანი, კეთილი, მამაცი გოგონას სათუთი გულია. Ამ გულისათვის უპირველესი სიყვარული და მეგობრობაა, უმთავრესი კი მეგობრის შინაგანი სამყარო და სულია. გოგონას რწმენას, თავდადებას და სიყვარულს ყოველგვარი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია.
მართალია, ჰოფმანის ზღაპრები ბავშვებისთვის იწერებოდა, მაგრამ თემები და პრობლემები, რომლებსაც ისინი ეხებიან, მთლად ბავშვური არ არის. ამიტომ, მათ წაკითხვას ურჩევენ როგორც ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს.
Თავად ჰოფმანი ზღაპარს რომანტიკული ლიტერატურის ძირითად ჟანრად მიიჩნევდა და ახერხებდა კიდეც, რეალობა ფანტასტიკის სამყაროსთან დაეკავშირებინა. მისი ნაწარმოებები თითქოს სიტყვაში განსხეულებული მუსიკაა, ფერწერაა ნაზი აკვარელის ფერებით. Შეიძლება ითქვას, რომ ჰოფმანი “ფენტეზის” ჟანრის ფუძედემდებელია. იგი შესანიშნავი მუსიკოსიც იყო და როგორც მწერლების, ასევე კომპოზიტორების შთაგონების წყაროდ იქცა.
ვინაიდან ზღაპრებზე, მათ შემქმნელებზე, საყვარელ პერსონაჟებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი და ეს თემა ამოუწურავია, კონკრეტულად მხოლოდ რამდენიმე ავტორს შევეხე, თანაც არა ისე სიღრმისეულად, როგორც იმსახურებენ.
ასევე უსასრულოა იმ სპექტაკლების, მუსიკალური წარმოდგენების, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმების ჩამონათვალი, რომლებიც ზღაპრების მიხედვით შეიქმნა და ასაკის მიუხედავად, განუსაზღვრელ სიხარულს ანიჭებენ ადამიანებს.
აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზღაპრები ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისათვის. მშვენიერ ზღაპრებში შეიძლება შესანიშნავად იყოს გადმოცემული ის არსებითი, რასაც რომანებში ვკითხულობთ, თუმცა იმას არ ვამტკიცებ, რომ რამდენიმე გვერდზე შესაძლებელია ადამიანის ბედისა და განცდების ისე დამაჯერებლად გადმოცემა, როგორც ეს უდიდეს კლასიკოსთა ნაწარმოებებშია აღწერილი.
ზღაპრის ჟანრი იმდენად მიმზიდველია, რომ მას დიდმა მწერლებმაც ვერ აუარეს გვერდი.
მხატვრული სიტყვის თანამედროვე, თუ ადრინდელმა ოსტატებმა, ქართველმა, თუ უცხოელმა მწერლებმა უამრავი ლიტერატურული და ფილოსოფიური ზღაპარი შექმნეს. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის უმთავრესი, რაც ამ ავტორთა მოღვაწეობას აერთიანებს.
მათ შეძლეს და შეასრულეს ურთულესი მოვალეობა - თავიანთი შემოქმედებით ბედნიერება მიანიჭეს ადამიანებს.
დიახ, ადამიანი ბედნიერებისთვის ცოცხლობს, ის კი, ლურჯი ფრინველის მსგავსად, იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც სრულებით არ ელიან.
ამიტომ იკითხეთ ზღაპრები, ის ბავშვის ნათელ ხედვას და კეთილშობილურ უბრალოებას შეგინარჩუნებთ: დიდობაში წაკითხული ზღაპრები ახლებურად, განსხვავებულად აღიქმება და შეძლებთ პატარებს სულ სხვანაირად მიაწოდოთ და აუხსნათ ისინი.
დაბოლოს, არ არსებობს ზღაპარი რეალობის გარეშე და რეალობა ზღაპრის გარეშე. რომ ჩავუფიქრდეთ, გაჭირვების ჟამს, ჩვენს დასახმარებლად გაჩენილი ადამიანები, სწორედ ფერიების და კეთილი ჯადოქრების მსგავსად გვევლინებიან, ხოლო ადამიანის რწმენას საკუთარი ძალებისადმი, მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია. ერთი შეხედვით განუხორციელებელი ოცნება ხშირად ასრულებულა და მისთვის “ზღაპრული რეალობა” გვიწოდებია.
რადგან დაბადებიდან არავინ იღებს საჩუქრად ჩამოყალიბებულ სულს, მას აღზრდა, გაკეთილშობილება და მოფრთხილება სჭირდება. ამაში ზღაპრები უცილობლად გვეხმარებიან, ხოლო შემდეგ, სამყაროს შეცნობაც ხდება შესაძლებელი.
დიახ, რეალური სამყარო ისეთივე მშვენიერია, როგორც ზღაპრული. სიყვარულის სიდიადე, ერთგულების სილამაზე და სათნოებაა ის, რაც ორივე მათგანს ამშვენებს. ბედნიერების ლურჯი ფრინველიც აქვეა, სულ ახლოს, უბრალოდ გაუფრთხილდით მას.
მზია ჩხიკვაძე
08.01.2023