მოხუცებულთა სანტა
მოხუცებულთა სანტა
ეს ამბავი იმდენად დიდი ხნის წინ მოხდა, ალბათ არავის ემახსოვრება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გიამბოთ და გაგახსენოთ.
პატარა ქალაქში ცხოვრობდა ყმაწვილი, რომელიც გიჟდებოდა შობაზე. ყოველთვის დიდი სიხარულით ემზადებოდა და სხვებსაც განწყობას უმაღლებდა. ერთხელ საახალწლო მორთულობებით დატვირთული სახლისკენ მიიჩქაროდა, როდესაც მოხუც მამაკაცს მოკრა თვალი. კაცი იჯდა ძველ სკამზე, რომელსაც ალაგ-ალაგ საღებავები ასცვენოდა და სიცივეს იუწყებოდა. სახე მოღუშოდა, თვალებში ღრმა მწუხარება იკითხებოდა. სხეული უკანკალებდა და აშკარა იყო, ამ ადამიანისთვის დღესასწაული არ არსებობდა.
ახალგაზრდა შორიდან აკვირდებოდა და მიახლოება ვერ გაებედა. უმზერდა მანამ, სანამ მოხუცი არ წამოდგა და ნელი ნაბიჯებით არ დაიძრა შენობისაკენ. შენობა იყო რაღაც ძველი, ყოველგვარ ბედნიერებას ჩამოშორებული, მიძინებული, ფერდაკარგული, მოურთავი. თითქოს დროში გაჩერებულა და არ იცის, რომ ახალი წელი ახლოვდებაო.
მხოლოდ ახლა დაფიქრდა გიორგი, რატომ უყვარდა თავად ეს დღე. იმიტომ, რომ ყველაფერი ჰქონდა. იმიტომ, რომ მის გარშემო არ იგრძნობოდა რაიმეს ნაკლებობა, მხოლოდ უდარდელობაა. სითბოში შეყუჟულ ადამიანს, რომელიც ფანჯრიდან იმზირება უყვარს სიცივე და ყინვა. ელამაზება , რადგან თვითონ ვერ განიცდის იმას, რაც სხვისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. შეხარის იმას, რაც სხვისთვის შესაძლოა მტერია.
ნუთუ ყველა არ აღნიშნავს?! როგორც ჩანს, არა...ნუთუ ყველას არ უხარია?! როგორც ჩანს, არა... ფუფუნებაა იყო ბედნიერი, ახლა დაიწყო გიორგიმ ამის გააზრება და ამაზე ფიქრი. თავი დამნაშავედაც კი იგრძნო. ვინ იცის რამდენჯერ ჩაუვლია ეს ქუჩა და ერთხელაც არ შეჩერებულა. თითქოს აქამდე ვერ ამჩნევდა. ახლა კი ხედავს თან ძალიან კარგად. თვლის არ იქნება მართებული თვითონ იხაროს, როდესაც სხვა ასე წუხს.
რისი გაკეთება შეუძლია ახალგაზრდა ყმაწვილს მოხუცთა თავშესაფრის გასახალისებლად? თუნდაც ერთი დღით რომ შეცვალოს მათი ყოფა. მეტი მხიარულება შემოიტანოს. გიორგი უცებ იღიმის და ნაბიჯებს უჩქარებს.
უკვე კარგად ჩამობნელდა, მალე ფეიერვერკებიც ახმაურდება ყოველი შენობიდან სიცილისა და მხიარულების ხმები გამოდის. მოხუცთა სახლი კი დუმს... უცებ არსაიდან გაისმის საახალწლო მუსიკა. თავშესაფრის მკვიდრნი ჯერ გაკვირვებულნი ერთმანეთს შეჰყურებდნენ, შემდეგ კი ფანჯრებს მიაწყდნენ. ხედავენ სანტას, რომელიც მათთვის ცეკვავს და ხელის ქნევით ესალმება თითოეულს. ერთ-ერთი ქალბატონი კისკისს იწყებს, მისი ხმა იმდენად მომაჯადოებელია, რომ სხვებსაც მომენტალურად ღიმილს ჰგვრის. ღიმილიანი სახეებითა და ნელი ნაბიჯებით გადიან პანსიონატის გარეთ. აქ კიდევ ერთხელ ეწვიათ მათ გაოცება, ყველაფერი საახალწლო დეკორაციებით იყო მო0რთულ-გალამაზებული. ძნელი იყო ამის შემყურეს აღტაცება დაემალა და ისინიც ვერ მალავდნენ. სანტამ მოახერხა მათი ცეკვაში აყოლიება, საახალწლო საჩუქრებიც გადასცა თითოეულს და ეს დიდი დღესასწაულიც მიულოცა.
ეს პირველი წელი იყო, როდესაც სიხარული მოხუცებულებმაც იგრძნეს. მათი სიხარულის მიზეზი, რომ იყო თვითონ იყო ეს აბედნიერებდა გიორგის. ბიჭი იქცა სანტად მათთვის და მას მერე ტრადიციად დამკვიდრდა ყოველი ახალი წლის ასე აღნიშვნა. წლიდან-წლამდე მოხალისე სანტების რაოდენობა იზრდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს კი მთელი ქალაქი მოიცვა.
საოცარია, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანს ადამიანისთვის. თუმცა, რომ არა ახალი წლის ჯადოსნურობა, ვთვლი გიორგის ეს გაუჭირდებოდა. ახლა შენი ჯერია მკითხველო, გაიხედე ფანჯრის მიღმა...
ანასტასია ასათიანი
07.01.2023